სავაჭრო სესიები 13:50 - 17:00
3.0342
3.5336
0.0538
2.6101
ბლოგი

ინსტიტუციური ინვესტორების საბჭო (IIC): ახალი ეტაპი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის

Image
BOARD

თუ საქართველოს საფინანსო სექტორს გადავხედავთ, ერთი რეალობა თვალსაჩინოა - ჩვენი ფინანსური ბაზარი თითქმის მთლიანად საბანკო სექტორს ეყრდნობა. ბანკები, რა თქმა უნდა, სისტემის ხერხემალია, თუმცა ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკისთვის ეს საკმარისი არ არის. ბიზნესს ჭირდება ალტერნატივა, ხოლო დაგროვილ კაპიტალს - განვითარების ახალი სივრცე. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ გაჩნდა ახალი, საკმაოდ ამბიციური ინიციატივა: ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს (IIC) შექმნა, რომელსაც შეუძლია ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს სრულიად ახალი დინამიკა შესძინოს.

საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეუძლია ბაზარს გრძელვადიანი კაპიტალის მოზიდვა, სტაბილური მოთხოვნის შექმნა და ინვესტორებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზება. სწორედ ამ მიმართულებით საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფმა ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს Institutional Investors Council (IIC)  ჩამოყალიბების ხედვა წარადგინა.

ინიციატივის საფუძველში საქართველოს კაპიტალის ბაზრის წინაშე არსებული რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული გამოწვევაა. დღეს ბაზარზე ინსტიტუციური კაპიტალის მასშტაბი შეზღუდულია, არ არსებობს საკმარისად სტაბილური და პროგნოზირებადი მოთხოვნა, ფინანსური პროდუქტების არჩევანი მცირეა, ხოლო სავაჭრო აქტივობა და ლიკვიდობა - დაბალი.

ეს ფაქტორები ერთგვარ „ჩაკეტილ წრეს“ ქმნის: როდესაც ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა არ არის, კომპანიებს ნაკლები მოტივაცია აქვთ ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოსაშვებად, რადგან ვერ ხედავენ სტაბილურ მყიდველს. მეორე მხრივ, როდესაც ბაზარზე ფინანსური ინსტრუმენტების არჩევანი შეზღუდულია, ინვესტორებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ პორტფელების დივერსიფიკაციისთვის, რაც მსხვილი კაპიტალის მობილიზებასაც აფერხებს. IIC-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ წრის გარღვევის ხელშეწყობაა.

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ინსტიტუციურ ინვესტორებს ენიჭებათ. მათი გრძელვადიანი კაპიტალი ბაზრისთვის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წყაროა, ხოლო მათი მუდმივი მონაწილეობა ქმნის მდგრად მოთხოვნას და ამცირებს არალიკვიდურობის რისკებს. ამასთან, ინსტიტუციური ინვესტორების მოთხოვნები ხელს უწყობს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას, ხოლო მათი ჩართულობა სხვა ინვესტორებისთვისაც ნდობის მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს.

სწორედ ამ პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის იქმნება IIC - როგორც სივრცე, სადაც ინსტიტუციური ინვესტორები შეძლებენ ხედვების გაზიარებას, საერთო საკითხების განხილვას და ბაზრის განვითარების მიმართულებებზე თანამშრომლობას.

საბჭოს კონცეფცია მხოლოდ შეხვედრებისა და ინფორმაციის გაცვლის ფორმატს არ გულისხმობს. IIC მოიაზრება როგორც თანამშრომლობის პლატფორმა, ინსტიტუციური ინვესტორების ერთიანი ხმა და ბაზრის განვითარების სტრატეგიული პარტნიორი. მისი მიზანია, ერთი მხრივ, მსხვილი ინვესტორების პოზიციების კონსოლიდაციას შეუწყოს ხელი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნას უფრო ეფექტიანი დიალოგის შესაძლებლობა სახელმწიფოსთან, რეგულატორთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ IIC არ იქმნება როგორც ახალი ასოციაცია, კომერციული სტრუქტურა, ან დამატებითი ბიუროკრატიული ორგანო. ინიციატივის ხედვით, ის უნდა იყოს მოქნილი თანამშრომლობის ფორმატი/პლატფორმა რომელიც ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე იმუშავებს საერთო საბაზრო ეკოსისტემის განვითარებაზე.

საბჭოს საქმიანობა რამდენიმე პრაქტიკულ მიმართულებას გააერთიანებს. მათ შორისაა ინსტიტუციური ინვესტორების საერთო ინტერესების ადვოკატირება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა, ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან მუდმივი დიალოგის ხელშეწყობა, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების მხარდაჭერა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დანერგვა.

თავად ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ამ პროცესში მონაწილეობას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. თანამშრომლობა მათ აძლევს შესაძლებლობას, ხელი შეუწყონ ბაზარზე მეტი საინვესტიციო შესაძლებლობისა და ლიკვიდობის შექმნას, მონაწილეობა მიიღონ ბაზრისთვის მნიშვნელოვანი პროცესების ფორმირებაში და სისტემური ცოდნა გაცვალონ სხვა წამყვან მოთამაშეებთან.

IIC-ის ჩამოყალიბება ეტაპობრივი პროცესი იქნება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ბაზრის წინაშე არსებული ბარიერების სრულად იდენტიფიცირება და ანალიზი. შემდეგ საბჭოს წევრებს შორის უნდა შეთანხმდეს სტრატეგიული პრიორიტეტები, რის საფუძველზეც კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება. მომდევნო ეტაპი კი უკვე პირველი ინიციატივების შემუშავებასა და მათ კოორდინირებას ითვალისწინებს.

ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს შექმნა საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფის უფრო ფართო სტრატეგიული ხედვის ნაწილია. 2026–2027 წლების განვითარების ხედვა ბაზრის არსებული „ჩაკეტილი წრის“ გარღვევას ორ მნიშვნელოვან მიმართულებას: ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვასა და ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას  უკავშირებს.

ამ კონტექსტში IIC შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ბაზრის მონაწილეებს საერთო გამოწვევების გარშემო გააერთიანებს და დიალოგს კონკრეტულ ინიციატივებად გარდაქმნის. ინსტიტუციური ინვესტორების უფრო აქტიური მონაწილეობა, სტაბილური მოთხოვნის ზრდა, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება და მაღალი საბაზრო სტანდარტების ჩამოყალიბება საბოლოოდ ერთი მიზნისკენ არის მიმართული, უფრო ღრმა, ლიკვიდური და კონკურენტუნარიანი საქართველოს კაპიტალის ბაზრის შექმნისკენ.

თსბ-ის პარტნიორები

პარტნიორობა წამყვან საფონდო ბირჟებთან გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი საინვესტიციო ინსტრუმენტები და სანდო სავაჭრო გარემო.